როგორ შევარჩიოთ სამშენებლო მიქსერი

მშენებლობისას ან რემონტისას გამუდმებით გვიწევს დუღაბის, ბათქაშის, საღებავისა და სხვა ნივთიერებების არევა. ერთგვაროვანი მასის მისაღებად სასურველია გამოვიყენოთ სამშენებლო მიქსერი. რა თქმა უნდა ბეტონის ან ბათქაშის არევა ხელითაც შეიძლება, თუმცა ამ შემთხვევაში ერთგვაროვანი მასის მიღება გაცილებით რთულია, ხშირად რჩება გაუხსნელი მასის ბურთულები (კოშტი), ჰაერის ბუშტები და სხვა. თანამედროვე სამშენებლო ფხვნილები უამრავ ინგრედიენტს შეიცავს, რომლებიც საჭიროებს ხარისხიანად შერევას, როგორც წესი ფხვნილის შენახვისას მძიმე ნივთიერებები შედარებით ქვევით ილექება, ხოლო მსუბუქი ზემოთ რჩება. უხარისხოდ არეული დუღაბის (რასტვორი) მოხმარება ნაკლებად ეფექტურია, მაგალითად არ აქვს შესაბამისი წებვადობა და აშ. ამასთან ფხვნილების ხელით არევა უფრო მეტ დროს, ენერგიასა და ძალისხმევას მოითხოვს.

მიქსერი თუ დრელ-მიქსერი

ფხვნილების შესარევად შეგიძლიათ გამოიყენოთ მიქსერი ან დრელ-მიქსერი. სამშენებლო მიქსერს მხოლოდ შერევის ფუნქცია აქვს, ხოლო დრელ-მიქსერის გამოყენება საცმების შეცვლის შემთხვევაში სხვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად შეგიძლიათ, მაგ გახვრიტოთ კედელი და ა.შ. გასათვალისწინებელია, რომ დრელ-მიქსერით შესაძლებელია მცირე რაოდენობისა და ნაკლებად სქელი ხსნარების არევა, რადგან სქელი დუღაბის არევისას ყველაზე დიდ დატვირთვას ძრავი განიცდის და ამისთვის სპეციალიზირებული გამძლე ძრავია საჭირო. სპეციალიზირებული ძრავებით სამშენებლო მიქსერებია აღჭურვილი.
სამშენებლო მიქსერისთვის ოპტიმალურია 20-30 ლიტრი საშუალო სისქის ხსნარის დამზადება. უფრო მეტი მოცულობის ან სქელი ხსნარის დამზადებისას რეკომენდირებულია მიქსერის სიჩქარის დაკლება. დრელ-მიქსერის დახმარებით შესაძლებელია საღებავის, ბათქაშის, ფითხის არევა. დრელ-მიქსერის გამოყენება სქელი და დიდი მოცულობის მასების ასარევად მიზანშეწონილი არ არის.
გვხვდება ერთ და ორ შპინდელიანი სამშენებლო მიქსერები.

რაზე გავამახვილოთ ყურადღება მიქსერის შეძენისას?

➤ სიმძლავრე. ელექტრო ინსტრუმენტის განმსაზღვრელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს სიმძლავრე წარმოადგენს. მაღალი სიმძლავრის მიქსერები, არანაკლებ 1000W განკუთვნილია ცემენტის, ქვიშის, ხრეშის მოსარევად გამოიყენება. ბრუნვის მომენტის მაჩვენებელი როგორც წესი ასეთ ინსტრუმენტებში მაღალია (50-70 Nm), ხოლო ბრუნვის სიჩქარე დაბალი (<500 ბრ/წთ ). დაბალი სიმძლავრის ელექტრო ინსტრუმენტების შემთხვევაში ბრუნვის მომენტი დაბალია, ხოლო სიჩქარე მაღალი. დაბალი სიმძლავრის მიქსერი გამოიყენება შედარებით მსუბუქი და მცირე რაოდენობის მასების შესარევად, რომლის დროსაც მნიშვნელოვანია ერთგვაროვანი მასის სწრაფად მიღება.
➤ ინსტრუმენტის ტიპი. ელექტრო ინსტრუმენტის შეძენისას პირველ რიგში უნდა განისაზღვროს სამუშაო მოცულობა და ხელსაწყოს გამოყენების ინტენსივობა. იმ შემთხვევაში, თუ ინსტრუმენტი მცირე სამუშაოებისთვის გჭირდებათ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სამომხმარებლო (საყოფაცხოვრებო) ტიპის მოწყობილობა. სამომხმარებლო ტიპის ინსტრუმენტები გაცილებით უფრო ბიუჯეტურია და სახლის მცირე საქმეების შესასრულებლად სავსებით საკმარისია. ხელოსნებმა კი უმჯობესია შეიძინონ პროფესიონალური (ინდუსტრიული) ტიპის ინსტრუმენტები, რომელთაც გაცილებით მეტი სამუშაო რესურსი და სიმძლავრე აქვთ.
➤ ბრუნვის მომენტი. ბრუნვის მომენტი დამოკიდებელია ძრავის მახასიათებლებსა და რედუქტორის კონსტრუქციაზე. დაბალი სიჩქარეზე ბრუნვის მომენტი იზრდება, ინსტრუმენტი ნაკლებად ხურდება. შპინდელის მაღალი ბრუნვა გამოიყენება ლაქებისა და საღებავების ასარევად.
➤ სიჩქარე. სახლის რემონტის შესასრულებლად საკმარისია ერთსიჩქარიანი მოდელებიც. სხვადასხვა ტიპის სამუშაოების შესასრულებლად სასურველია რამდენიმე სიჩქარიანი ხელსაწყოს შერჩევა.
➤ კონსტანტური ელექტრონიკა. ბრუნვის უცვლელი მხარდაჭერა. დიდი დატვირთვის შემთხვევაში ბრუნვის რაოდენობა შესაძლებელია შემცირდეს, ეს კი მასის მორევის ხარისხე აისახება. სწორედ ამიტომ ელექტრო ინსტრუმენტებში საჭირო გახდა ბრუნვის უცვლელი ელექტრო მხარდაჭერის ფუნქციის შემუშავება. კონსტანტური ელექტრონიკის მქონე ინსტრუმენტით ძრავის დაზიანების გარეშე შეგიძლიათ იმუშაოთ სხვადასხვა კონსისტენციის ხსნარებთან.
➤ რევერსი. სხვადასხვა ხსნარებს განსხვავებული თვისებები აქვთ. ცემენტი მძიმეა და არევისას ძირში ჩადის, სუსპენზიები და შპაკლი კი პირიქით ზევით ამოდის. აქედან გამომდინარე ხნსნარის მხოლოდ ერთი მიმართულებით არევა იმდენად ეფექტური არ არის, არსებობს იმის შანსი რომ რომ მასა არ გამოვიდეს ერთგავროვანი. რევერსის ფუნქციის დროს ხსნარს მეორე მხარეს ურევთ, ანუ ზემოთ ამოსული მასა ქვემოთ ჩადის, ხოლო ქვევით ჩასული მასა ზემოთ ამოდის.
➤ შპინდელის ბუდე. ძირითადად ამ ტიპის ინსტრუმენტებზე გამოყენებულია კლასიკური შპინდელი М14 ჭრით. ამ დროს მიქსერის საცმის დამაგრება და მოხსნა ხდება ქანჩის გასაღების დახმარებით. ასეთ დროს ჩაბეტონებული შნეკის ამოღების შესაძლებლობასაც გვაძლევს. იშვიათ შემთხვევებში მიქსერებში გამოყენებულია სწრაფადმომჭერი მექანიზმი, ამ შემთხვევაში საცმი მაგრდება შპინდელის რგოლის ბრუნვის ხარჯზე და არ ჭირდება დამატებითი ქანჩის გასაღების გამოყენება. სამაგრის ეს ტიპი უფრო მეტად დრელ-მიქსერებში გვხვდება. თანამედროვე მოდელებში სხვადასხვა სამაგრის ტიპებიც გვხვდება - QuickFix, SDS-plus , SDS-max HEX და სხვა. მიქსერის საცმის არჩევისას მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს ინსტრუმენტის ბუდის ჭრილი, რადგან საცმის ბოლოვანა ბუდეების მსგავსად განსხვავებულია და შესაძლებელია არ მოერგოს ელექტრო ინსტრუმენტს.
➤ კომპლექტაცია. მიქსერს შესაძლებელია კომპლექტაციაში ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის ასარევი საცმები. ასევე შესაძლებელია მათი ცალკე შეძენაც. საცმები განსხვავდება ზომების, სიგრძისა და დიზაინის მიხედვით. საცმების დიზაინი დამოკიდებულია მათ დანიშნულებაზე. მაგალითად:
საცმი პირდაპირი ნიჩბებით მოსახერხებელია წებოს, საღებავის და თაბაშირის შემცხველი ხსნარების ასარევად რადგან ხელს უშლის ხსნარში ჰაერის ბუშტების მოხვედრას.
სპირალური საცმი განკუთვნილია ბეტონთან და ბათქაშთან სამუშაოდ. ორმაგი სპირალური საცმი უზრუნველყოფს მასის ისე ამორევას, რომ მასა არც ქვემოთ ჩადის და არც ზემოთ ამოდის. ერთ-სპირალიანი საცმი შეიძლება იყოს მარცხენა (სპირალი დახვეულია საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით) ან მარჯვენა (სპირალი დახვეულია საათის ისრის მიმართულებით). მარცხენა სპირალური საცმს არეული მასა ზემოდან ქვევით ჩააქვს, ხოლო მარჯვენა სპირალურ საცმს ქვემოდან ზემოთ ააქვს. იმ შემთხვევაში თუ მიქსერს აქვს რევერსის ფუნქცია, საკმარისია ერთ სპირალიანი საცმიც.
ვინტებიანი საცმით მუშაობა შესაძლებელია სითხეებთან, საღებავებთან, ლაქებთან. ქვედა ვინტი ურევს მასას, ხოლო ზედა ვინტი ხელს უშლის სითხის მიშხეფება-გაწუწვას.